არჩილ თალაკვაძე - საქართველომ მიიღო ზიანი პროვოკაციული მოქმედებებიდან, რომელიც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა
საქართველომ მიიღო ზიანი, ერთი მხრივ, გაუაზრებელი და მეორე მხრივ, პროვოკაციული მოქმედებებიდან, რომელიც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, დარტყმა მიიღო ვალუტამ, საქართველოს ეკონომიკამ და საფრთხე დაემუქრა ქვეყნის ძირითად ინტერესებს.
„როგორც ვნახეთ, 20 ივნისის მოვლენები, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით, შემდეგ გადაიზარდა ძალადობრივ სცენარში. შემდგომში რა გამართლებაც ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან ამ სცენარს ყველამ დავინახეთ, თითქოს ეს იყო პატრიოტული აქცია, დეოკუპაცია. დარტყმა მიიღო ვალუტამ, საქართველოს ეკონომიკამ და საფრთხე დაემუქრა იმ ძირითად ინტერესებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად ამ მოვლენების შეფასება დღეს უკვე აღარ არის რთული. სინამდვილეში ეს არა დეოკუპაციას, სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს, არამედ მოემსახურა იმას, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, ერთი მხრივ, გაუაზრებელი და მეორე მხრივ, პროვოკაციული მოქმედებებიდან, რომელიც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა გახდეს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და საზოგადოებამ გადაიხადოს ფასი „ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედებებზე“.
„აქ ვგულისხმობ ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს, რომელმაც 20 ივნისის შემდგომ მოვლენების გამოყენება სცადა თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ხალხი სახეებზე, სახელებით, გვარებითა და პარტიებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.