არჩილ თალაკვაძე - საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია და ნატო-ს წევრობას იმსახურებს, ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში რჩება
არჩილ თალაკვაძე - საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია და ნატო-ს წევრობას იმსახურებს, ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში რჩება

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი და ნატო-ს წევრობას იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში რჩება.

„ნატო-ს არაერთხელ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და წლების განმავლობაში საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი სახელმწიფოა ნატო-ს საერთაშორისო მისიებში, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას. საქართველო რჩება სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და ჩვენ მოველით, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, უკვე ახლად დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერდება ახალი, უფრო ძლიერი და მკაფიო გზავნილები, ვინაიდან ჩვენ როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე თავდაცვის სისტემის რეფორმირებით ერთ- ერთი სამაგალითო ვართ ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის. შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარდა ნატო-ს ყველაზე დიდი და ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები, სადაც მონაწილეობდა ნატო-ს წევრი არაერთი ქვეყანა. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი და იმსახურებს იმ ოჯახის წევრობას, რასაც ჰქვია ნატო. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის არჩევანი, საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.