არჩილ თალაკვაძე - საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვება ბრიტანეთისადმი სოლიდარობის დასტურია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვება ბრიტანეთისადმი სოლიდარობის დასტურია.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვანია.
„ეს ფაქტი ცალსახად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯისადმი. საქართველოს მხრიდან რუსი დიპლომატის გაშვება ამ სოლიდარობის დასტურია. ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯიც ამ სოლიდარობის დასტურია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.