არჩილ თალაკვაძე - საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი და ბრიტანეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა: „არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება“. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.
არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის მარკ კლეიტონს, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და უარყო ის ბრალდებები, რაც უკრაინამ საქართველოს წაუყენა.
„საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის წარმომადგენლის განცხადება, არამედ ეს არის დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება, რომელიც თავის სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცა მისი განცხადებით. საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.