არჩილ თალაკვაძე - საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ გადავალთ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რაც არის გაწევრიანების ეტაპი
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა ქვეყანაში ევროპული რეფორმები და დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ველოდებით, რომ იქნება პოზიტიური შეფასება და ეს შეფასება გახდება სტატუსის მონიჭების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო იმსახურებს, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ინტერესებშია, რომ ქვეყანამ გადადგას კიდევ ერთი არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.
„მაღალი ალბათობით გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ გადავალთ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რაც უკვე არის გაწევრიანების ეტაპი. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ გზავნილებს, რიტორიკას, მათ პოლიტიკური კარდიოგრამა აქვთ არეული. ეს არის პოლიტიკური არითმია, როდესაც წლის დასაწყისში, სამი თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამ სტატუსს, შემდეგ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ და ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია ქვეყნისთვის, ახლა ბოლო თვეა, შეცვალეს საუბარი და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამოო, გეოპოლიტიკური არგუმენტით ხსნიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსული პროპაგანდაა, რომ ევროკავშირში ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება – ვერა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იმეორებს.
„ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. საქართველოს აქვს დღესაც იგივე გეოპოლიტიკა, როგორიც ჰქონდა სამი-ექვსი თვის წინ. შესაბამისად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით, თუმცა ბევრად უფრო წინ ვართ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რეფორმების და რეკომენდაციების განხორციელების თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდება საფუძველი, როცა საქართველო მიიღებს დადებით შეფასებას და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება და ხალხი არის სხვადასხვა, ან ევროკავშირში ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება – ვერა, ან პირიქით, ეს არის აბსურდი, ერთი ერთში რუსული პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იმეორებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.