არჩილ თალაკვაძე - საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია რუსეთის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სახეზეა
საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის სტატუსის მიღებას, ანუ ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დღეს სახეზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის თუ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული.
„დღეს ჩვენ ვერცერთი ოპონენტის მხრიდან ვერ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი საგანგებოდ არ აჟღერებენ ამ არგუმენტს და აიგნორებენ მთავარ არგუმენტს, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს, საქართველომ დროულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„სრულიად უსამართლოდ უარი და გადავადება გამოიწვევდა ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. პრეზიდენტის და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.