არჩილ თალაკვაძე - საქართველო იზიარებს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს, რაც ევროპასთან გვაქვს საერთო, მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე
საქართველო იზიარებს, მხარს უჭერს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს, პრინციპებს, რაც ევროპასთან გვაქვს საერთო, ამიტომ მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ ისტორიაში და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რაც ევროკომისიის დღევანდელ განცხადებაში ცალსახად იყო აღნიშნული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში, ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში უკვე ასახა და დაადასტურა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ავსახეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ნამდვილად საქართველოს პროგრესი დღეს, ნამდვილად ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ სვლას, თანმიმდევრული რეფორმებით ევროკავშირისკენ და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რაც ევროკომისიის დღევანდელ განცხადებაში იყო ცალსახად აღნიშნული. რასაკვირველია, საქართველო იზიარებს, მხარს უჭერს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს, რაც ჩვენ ევროპასთან გვაქვს საერთო, ამიტომ მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.