არჩილ თალაკვაძე - საქართველო გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი პოლიტიკით C ჰეპატიტის დამარცხება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, პროექტმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებსა და სხვადასხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე. ამ პროგრამამ პრაქტიკულად ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა ჩვენს 200 000-ზე მეტ თანამოქალაქეს. საუბარი არის სიცოცხლისათვის აუცილებელ მკურნალობაზე, რომლის გარეშეც პაციენტები, ჩვენი თანამოქალაქეები პრაქტიკულად განწირულები იქნებოდნენ. ეს არის მკურნალობა, რომელიც 80 000 დოლარამდე ჯდება და რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრაქტიკულად უფასოდ არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით და პრაქტიკულად სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან.
„პროგრამაში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და აგრძელებს მკურნალობას. პროგრამის მეორე ეტაპზე გამოიკვეთა იმ მოქალაქეების პრობლემა, რომლებსაც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ საშუალება, კვლევები ჩაეტარებინათ, რომლებიც აუცილებელია ადამიანის მკურნალობისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეფინანსებინა ის კვლევები, რაც მკურნალობის დაწყებამდე არის აუცილებელი. შემდეგი ეტაპიც ასევე კვლევებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პრაქტიკულად გარღვევა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა და უფრო სწრაფად მიიღოს მკურნალობა და დიაგნოსტიკა. ეს არის უკვე სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე მოძრაობს, მიმართავს სახელმწიფო სერვისებს. სახელმწიფომ სწორედ იქ გადაწყვიტა მიაწოდოს ინფორმაცია და სკრინინგული კვლევები ადგილზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის სკრინინგის იუსტიციის სახლებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა სერვისების მოცვა გაიზარდოს მოკლე დროში, უფრო მეტმა მოქალაქემ უფრო სწრაფად შეძლოს, გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც, თალაკვაძის განცხადებით, ზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ასევე იმ რესურსებს, რომელიც სახელმწიფოს მომავალში უნდა დაეხარჯა ამ საქმისთვის.
„გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ მოაგვარა ამდენი ადამიანის პრობლემა, რაც პრაქტიკულად გადაუჭრელი იქნებოდა, რომ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გარდა ამისა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, მსოფლიო ლიდერი და საბოლოოდ პროექტმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებსა და სხვადასხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აზიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ ძვირადღირებულ მკურნალობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ გამოიწვია დადებითი ჯაჭვური რეაქცია და გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც არის C ჰეპატიტი.