არჩილ თალაკვაძე - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა გახდეს და პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა გადავიდეს
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა გახდეს და ევროკავშირთან ქვეყნის პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა გადავიდეს.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ ისაუბრა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
„მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნების პოლიტიკური ინტეგრაციის პოპულარიზაცია კვლავ გაგრძელდეს, რომლებსაც ევროკავშირთან გრძელვადიან პერსპექტივაში მჭიდრო კავშირის დამყარება სურთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას მტკიცე სტრატეგიული მიზანი უნდა გააჩნდეს, რაც შეიძლება იყოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობა. ზუსტად ამ კონტექსტში, ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა გახდეს და ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. ევროკავშირის ახალ შემადგენლობასა და ხელმძღვანელობას მივესალმებით და მათ ვუსურვებთ, ახალი წარმატების მოტანას ორგანიზაციისთვის. ძვირფასო სტუმრებო, ნება მიბოძეთ, რწმენა გამოვთქვა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება აღნიშნული საკითხების პროდუქტიული და სიღრმისეული განხილვისთვის“, – მიმართა კონფერენციის მონაწილეებს თალაკვაძემ.