არჩილ თალაკვაძე - საქართველო დღეს უფრო ევროპულია, ვიდრე იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც დაასამარა ყველაფერი ევროპული, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი მათ თავგამოდებით იცავს
„ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც, საზოგადოებასთან ერთად, რეალური პროგრესი აჩვენა ევროინტეგრაციის კუთხით, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული კურსის ჩაწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების უფლების დაცვა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
„ჩვენ დავაბრუნეთ ის ღირებულებები და ის გარემო, როცა მოქალაქეების პროტესტს ითვალისწინებს და უსმენს ხელისუფლება. ეს გვგონია საქართველოში ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობთ, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ვიდრე ათი წლის წინ – იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც საქართველოში დაასამარა ყველაფერი ევროპული და რომელსაც, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი თავგამოდებით იცავს. ის, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, ვერავინ გადაწერს და ვერავინ დაარქმევს ადამიანის უფლებების დამრღვევს – დამცველს, მედიაზე ტერორის განმახორციელებელს – თავისუფალ მედიას. ისტორიას ვერ გადაწერენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარების წუხილებს, თითოეულს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებით და მზად ვართ, არგუმენტები გავცვალოთ, თუ რეალურად ამის სურვილი აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.