არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ეს უდავოდ ჯარისკაცებისა და თავდაცვის სისტემის დამსახურებაა
მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის რეფორმებს, რომლებიც ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და როგორც თქვენ ბრძანეთ, ბატონო მინისტრო – მუდმივი მზადყოფნა ჩვენი ჯარისკაცების, მუდმივი მზადყოფნა ჩვენი თავდაცვის სისტემის არის იმის გარანტია, რისთვისაც სწორედ ჩვენ ვმოღვაწეობდით 2012 წლამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ამის შესრულება შევძელით 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ეს უდავოდ ჯარისკაცებისა და თავდაცვის სისტემის უდიდესი დამსახურებაც არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მინისტრის ფორმატში მოსმენის დროს.
არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს.
„ჩვენ მივესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას, რომელიც დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასოდეს. საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა თავდაცვის და სხვა სფეროებშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა და დამატებით კიდევ ის 41 მილიონ დოლარიანი დაფინანსება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის. აქ შედის ცხრა ბატალიონის წვრთნები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და მომავალ განვითარებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზეა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა თქმა უნდა, თავდაცვის სისტემას ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მხოლოდ თავდაცვის სისტემის განვითარება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
„სწორედ თავდაცვის სისტემის სრული მზადყოფნის პირობებში არის შესაძლებელი ის ინიციატივები, რომელიც მთავრობას და ხელისუფლებას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რეგიონებთან მიმართებით. ვგულისხმობ „ნაბიჯს უკეთესი მომავლისაკენ“, სადაც ჩვენ არამხოლოდ თავდაცვის სისტემის გაძლიერებით, არამედ ეკონომიკური სიკეთეების გაზიარებით, განათლების სისტემის გაზიარებით, სოციალური პროგრამებით, ჯანდაცვის პროგრამებით კარს ვხსნით კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და კიდევ უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვეუბნებით, თუ რას სთავაზობს მათ საკუთარი ქვეყანა. ეს ქმნის კიდევ უფრო მეტ კონტრასტს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს იარაღის ჟღარუნის პოლიტიკას. ადამიანები იქ ძალიან კარგად ხედავენ, თუ რამხელა განსხვავებაა იარაღის ჟღარუნსა და ეკონომიკას შორის, განათლებას შორის, თანამედროვე თავდაცვის სისტემას შორის და იმ შესაძლებლობებს შორის, რასაც თქვენ ოფიცრებს, ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების თითოეულ თანამშრომელს უქმნით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დადებით შეფასებას იმსახურებს გადაიარაღების პროცესი და ჯაველინების პროექტის წარმატებულად დასრულება უდავოდ დამსახურებაა.
„ცალსახაა, რომ ნატო-ს ანგარიშებში საქართველოს პროგრესი არის შეფასებული დადებითად და დღეს არის მეტი ნატო საქართველოში და მეტი ნატო საქართველოს თავდაცვის სისტემაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის ძალა, რომელიც ფიქრობს მომავალზე და დღეს „ქართული ოცნება“ სთავაზობთ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინიციატივებს მომავლის შესახებ.
„პრემიერ-მინისტრმა წარადგინა განათლების რეფორმა. ჩვენი ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ ეხება საუბარს მომავალზე. ჩვენ ვთავაზობთ მშვიდ პოლიტიკას საზოგადოებას და ამ სიმშვიდის მნიშვნელოვანი გარანტორი არის თქვენი სამინისტროც და თავდაცვის სისტემაც“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოებაზე, როგორც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და აღნიშნა, რომ კიბერსაფრთხეები და კიბერდანაშაული თანამედროვე სამყაროში არის უფრო მზარდი მნიშვნელობის.
არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ველოდებით, ბატონო მინისტრო, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმას. ჩვენ არ გვინდა ამ ბატონების რიტორიკული კრიტიკის მოსმენა. ჩვენ გვინდა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომელიც არის თანამედროვე, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს, სადაც რაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მნიშვნელოვან ცოდნას, უნარებს, პატრიოტულ სულისკვეთებას და საომარ მზადყოფნას მიიღებენ ადამიანები“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.