არჩილ თალაკვაძე - საქართველო არასოდეს გამხდარა და არც გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, კობახიძემ გამჭვირვალე არგუმენტები წარმოადგინა, ბრალდებებს ყოველთვის მყისიერ პასუხს გავცემთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკავაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას არგუმენტირებულად უპასუხა.
თალაკვაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრობს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.
„ბატონმა ირაკლიმ საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციას არგუმენტირებულად უპასუხა. სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო წესს, რომელიც უკრაინაში ომის განმავლობაში არის დაწესებული და საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ჩვენ უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ, ასევე, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დეზინფორმაცია, უსამართლო ბრალდებები თუ იქნება გაჟღერებული, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ამას ვუპასუხოთ.
სიმართლე ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება არა მხოლოდ ომის პერიოდში, წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტიც, ესეც სიმართლეა, თუმცა ტყუილია, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობას. სწორედ ამას უპასუხა ირაკლი კობახიძემ. მან წარმოადგინა გასაგები, გამჭვირვალე არგუმენტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მჯერა, ამის გადამოწმება ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიადგეს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ უპირველესი მოვალეობაა, საზოგადოებას, პარტნიორებს უთხრას სიმართლე.
„ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიადგეს. არაერთხელ ვამხილეთ ჩვენი ოპონენტები, როდესაც იყენებდნენ საერთაშორისო მედიას, იყენებდნენ იმ კავშირებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებათ, რათა ზიანი მიაყენონ საქართველოს რეპუტაციას, წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო არღვევს საერთაშორისო წესებს და პარტნიორებთან მიმართებით ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს ზუსტად ის ხელწერაა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს საზღვარგარეთ. ამიტომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს ვუთხრათ სიმართლე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ბრალდებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მცდელობა, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე დაზიანდეს. ამას ყოველთვის მყისიერ პასუხს გავცემთ, არგუმენტებით, მშვიდად და საქმიანად. სწორედ ეს მიგვაჩნია ჩვენს უპირველეს მოვალეობად.
დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ისტორია შეაფასებს, რამდენად მნიშვნელოვანი, სწორი იყო ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამდით და გადავდგამთ მომავალში. ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. ამას ვაკეთებთ, რადგან ზუსტად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ხალხის, პარტნიორების წინაშე. მზად ვართ, ნებისმიერთან არგუმენტირებული დისკუსიისთვის, მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც უსაფუძვლო და არგუმენტის გარეშე იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.