არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ ყოფილა და არც იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, დევიდ ო’სალივანის ვიზიტი სკანდალად მონათლოს
არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ ყოფილა და არც იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, დევიდ ო’სალივანის ვიზიტი სკანდალად მონათლოს

საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, ხელისუფლების მხრიდან ფაქტებს მიიღებს, რომ ეს წესები დაცულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტი სკანდალად მონათლოს.

„საქართველო საერთაშორისო წესებსა და დადგენილ პირობებს იცავს. საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ფაქტებსა და კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებს, რომ ეს წესები დაცულია საქართველოში. რადიკალურ ოპოზიციას მცდელობები ექნება, რომ ეს ვიზიტი სენსაციად და სკანდალად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას საქმიანი პასუხები ექნება. საქართველოს ხელისუფლებას პასუხები აქვს ყველა კითხვაზე, რომელიც საერთაშორისო საკითხებს, სანქციებს თუ უსაფრთხოებას ეხება. ჩვენი ნებისმიერი პარტნიორი ინფორმაციებს მიიღებს. საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ასეთი შეხვედრები და ვიზიტები ყველა პარტნიორ ქვეყანაში პერიოდულად იმართება, რათა ინფორმაცია სრულად იყოს გაზიარებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა.