არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დამოუკიდებელი კანდიდატების ინტერესი გაიზრდება
პოლიტიკაში ბალანსის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი და საინტერესოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპრეზიდენტო კანდიდატზე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, პოზიციის შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დააფიქსირა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხრიდან მონაწილეობის ინტერესი გაიზრდება.
„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. გუნდში არაერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია არჩვენების მოგება. ასეთები არიან: დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი და საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ჩვენთვის მისი პოზიცია ცნობილია. იმ პოზიციის შემდეგ, რომელიც გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დააფიქსირა, კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა. ვფიქრობ, პოლიტიკაში ბალანსის გაუმჯობესება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის და საინტერესო“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, მას არ ჰქონია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებით კონსულტაციები, თუმცა, მისი თქმით, აბაშიძის მიმართ საზოგადოების აზრი პოზიტიურია.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის საკითხს, თალაკვაძის შეფასებით, ის ძლიერი კანდიდატი იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივით სარგებლობს ქვეყანაში, საზღვარგარეთ, პარლამენტშიც და თუ ის გადაწყვეტს, ჩაერთოს კამპანიაში, ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იქნება. თუმცა ჩვენ რა პოზიციას დავაფიქსირებთ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე. თუმცა, მისი პოზიციაა, რომ კანდიდატი გუნდიდან არ დასახელდეს. „გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.