არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე ვიმსჯელეთ
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე ვიმსჯელეთ

გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე ვიმსჯელეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელეთ – გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, კვლევით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა.

ჩვენ ველოდებით, მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით დაიდო, გაერო-ს კვლევით“, – განაცხადა თალაკვაძემ

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ყოველთვის არის ყურადღების საგანი.

„სწორედ ამიტომ, მიმდინარე საკითხებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ამ კვლევის შედეგები დეტალურად და აქ არის მოცემული, რომ შინამეურნეობების შემოსავალი გაიზარდა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, არის ნაწილი, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე კვლავ რჩება სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებთან პირისპირ, რაზეც პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენი პრინციპული მოლოდინი არის, რომ მთავრობა წარმოადგენს ამაზე რეაგირების გეგმას, რომელიც ამ საკითხებს, რაც შეიძლება მოკლე დროში გადაჭრის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა. დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხს განიხილავდნენ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.