პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს იმ მთავარ ნაბიჯებზე, რაც ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ გადადგა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არჩილ თალაკვაძე ყურადღებას გაამახვილებს, საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო და რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით გადანაწილდა. ამასთან წინა მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე შრომის კოდექსი დაამტკიცა. ცვლილებების პაკეტი, შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებსა და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს.
არჩილ თალაკვაძე 2021 წელს განსახორციელებელ საქმიანობის შესახებაც ისაუბრებს.
„ეს ანგარიში ძირითადად ეხება 2020 წლის ანუ მეცხრე მოწვევის საქმიანობას. ამ ანგარიშში ასახული არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საკანონმდებლო კუთხით, ისევე როგორც პარლამენტის მხრიდან მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის თვალსაზრისით განხორციელდა; უპრეცედენტო პირობებში მოგვიწია მუშაობა, რაც პანდემიის მდგომარეობით იყო გამოწვეული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ძალიან აქტიურად იმუშავა, თავისი ფუნქციები შეასრულა, არაერთი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული პარლამენტის მიერ; სხვადასხვა კანონპროექტები იქნა განხილული, კონკრეტულად მიღებულ იქნა ცვლილებები რიგ დოკუმენტებში, ისევე როგორც არაერთი მინისტრის მოსმენა მოხდა. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა წლის პირველ ნახევარში, შემდგომში საარჩევნო პერიოდი დაიწყო, თუმცა სექტემბერშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესიებს ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი, ისევე როგორც პარლამენტის აპარატის საქმიანობის ნაწილიც, ასახულია ამ ანგარიშში და ასევე არის ასახული რიგი გეგმების, რომელიც 2021 წელს პარლამენტს დაგეგმილი აქვს რომ განახორციელოს – როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე საპარლამენტო აქტივობების ჭრილში და დღეს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე დეტალურ ინფორმაციას წარადგენს, როგორც განხორციელებული საქმიანობის ასევე 2021 წელს განსახორციელებელ საქმიანობის შესახებ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.