არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, რომ პროცესები ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადავიდეს
გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში. სხვათა შორის, ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
აქვე მინდა, ხაზგასმით ვთქვა ჩემი მოსაზრება, როდესაც პარლამენტში შემოსვლასა და ჩართვაზე არის საუბარი, რამდენიმე საკმაოდ ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, თითქოს ოპოზიციის ჩართვა პარლამენტში და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. აი, ასეთი კომენტარებიც კი მოვისმინე. მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან სულ მცირე ორი, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგება დიალოგის პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია და პროცესები გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.