არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო კომისია დაკომპლექტდება, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებისგან და არ ექნება პოლიტიკური დღის წესრიგი
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო კომისია დაკომპლექტდება, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებისგან და არ ექნება პოლიტიკური დღის წესრიგი

როგორც გარდაცვლილთა ოჯახების, ასევე თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს სრულყოფილად, ბოლომდე და ობიექტური სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და ცხადია, რომ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე აღსრულებული არ არის და კითხვები ჩნდება.

„ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც კი ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება ბოლომდე არ არის აღსრულებული. რჩება კითხვები საქმესთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელისუფლებო გუნდმა, მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები – პარლამენტმა შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებისგან და, რომელსაც არ ექნება პოლიტიკური დღის წესრიგი, მოემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ ძალიან მოკლე დროში, გაეცეს კითხვებს პასუხი, რომელიც საქმესთან მიმართებაში არსებობს; მართლმსაჯულება  განხორციელდეს ბოლომდე, სრულყოფილად.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დეტალურად შევისწავლით იმ გარემოებებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით აინტერესებთ ოჯახებს და  საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გონივრული დროა საჭირო, რომ კომისიამ შეისწავლოს საქმე და მოამზადოს დასკვნა, გააკეთოს შეფასებები და ყველაფერი კითხვებზე პასუხის გასაცემად.

მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს.

„მე პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება განხორციელდეს ბოლომდე და სრულყოფილად. როგორც გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული განცდა იმისა, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება სამართლიანობას, ემსახურება თითოეული ადამიანის ინტერესებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ კითხვები მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი არის შეწუხებული სარალიძის ოჯახის ბედით, კითხვებით, რომელიც საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა. ასევე, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არა ნგრევის, არამედ აღმშენებლობის დროა.

„ახალგაზრდებს მინდა მივმართო – თქვენი თავისუფლება, თქვენი ენერგია, ის მოტივაცია და პათოსი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მე დავინახე თქვენი აქციებში მონაწილეობის დროს, საქართველოს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღმშენებლობისთვის, რეფორმებისთვის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ნგრევა ჩვენ დავასრულეთ, არაფერი დასანგრევი არ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველომ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი აღნიშნა და ამას 100 წლის განმავლობაში, ათეული წლები დაიკარგა ნგრევაში, დაპირისპირებასა და ომებში.

„დღეს არის განვითარების და აღმშენებლობის დრო, ჩვენ თქვენთან ერთად უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ და მე ძალიან გთხოვთ, ავიღოთ ეს პასუხიმგებლობა ერთად და მშვიდად, თავდაჯერებულად გავაკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ქვეყნას. მე კი, გპირდებით ამ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება ბოლომდე და ეფექტიანად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.