არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის შინაარსი დაცილებულია რეალობას და სამართლიანობას
სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის შინაარსი დაცილებულია რეალობას და სამართლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად გაუგებარია არგუმენტაცია, ასევე რეზოლუციაში მოყვანილია უზუსტობები და არაერთი ფაქტი, რომელიც რეალობას არ ასახავს.
„სინამდვილეში, ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა. ტელევიზია, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა, საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს და ამ ტელევიზიაზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. რაც შეეხება სანქციებს და ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი ძალისხმევით, მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ მიიღო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. სწორედ მისი ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. ამ ფონზე ეს რეზოლუცია სამართლიანობას მოკლებული და დაშორებულია, რომელსაც 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ადამიანები, ვინც ამ რეზოლუციას მხარს უჭერდნენ და გამოდიოდნენ განცხადებებით, ყველამ იცის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არიან კავშირში.
„სანქციებს არ უწესებენ ადამიანებს, რომლებიც აძლიერებენ დემოკრატიას, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ასევე ვინც პოლიტიკა გახადა უფრო მეტად მონაწილეობითი და რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ამ წლების განმავლობაში ყველაფერი ივანიშვილის ლიდერობით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთეთ. შესაბამისად, ამ ფონზე ეს რეზოლუცია მიღებულია ჩვენი მხრიდან როგორც პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური ნაბიჯი და ვთვლით, რომ ის სამართლიანობას არის მოკლებული. ეს რეზოლუცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ სანქციების საკითხი რეალურად განიხილება და მისი დაწესება მოხდება, თუმცა ჩვენ ამას სათანადო პოლიტიკურ შეფასებებს მივცემთ და საზოგადოებას ავუხსნით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.