არჩილ თალაკვაძე - სამშვიდობო პოლიტიკა და დეოკუპაცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა
არჩილ თალაკვაძე - სამშვიდობო პოლიტიკა და დეოკუპაცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა

სამშვიდობო პოლიტიკა და დეოკუპაცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და სუვერენიტეტის დასაცავად.

„გვაქვს ყველა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გავიდა 10 წელი და საქართველომ ხელშესახები პროგრესი განიცადა, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვანი არსებითი პრობლემები, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევები, რაც ჩვენ 90-იან წლებში უკან ჩამოვიტოვეთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, დეოკუპაციის იმ პოლიტიკით, რომელსაც საერთაშორისო მხარდამჭერების საშუალებით ვახორციელებთ, აუცილებლად დადგება დრო, როცა საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად არის მავთულხლართებით გაყოფილი, მიიღებს იგივე სიკეთეებს, რისი მიღწევაც შევძელით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაღიარების პოლიტიკას აქტიურად აწარმოებს, რაშიც საქართველოს პარლამენტიც არის ჩართული.

„პირადად მქონდა შეხვედრები კოლეგებთან და პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკა მთლიანობაში არის წარმატებული და ამის შედეგებს ყველა გაიგებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო დამოუკიდებლად.