არჩილ თალაკვაძე - სამიდან ხუთ პროცენტამდე ბარიერი საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა, რაც კონსტიტუციაში უკვე წერია და ბარიერი 2024 წლიდან ძალაში იქნება
სამიდან ხუთ პროცენტამდე ბარიერი საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა, ეს კონსტიტუციაში უკვე წერია და რა თქმა უნდა, 2024 წლიდან ძალაში იქნება ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ცვლილება რეალურად თანაბარ სასტარტო პირობებში აყენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და შემოაქვს სრულად პროპორციული სისტემა საქართველოში.
„ეს აძლევს შესაძლებლობას ყველა პოლიტიკურ აპარატის, საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეოლოგია, ვისაც შეუძლია, მხარდამჭერების მობილიზება და მონაწილეობა არჩევნებში, რომ თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. ეს ცვლილება რეალურად თანაბარ სასტარტო პირობებში აყენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და შემოაქვს სრულად პროპორციული სისტემა საქართველოში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ნულოვანი ბარიერი არ მოსწონდეს, ეს არის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ერთი ჯგუფი, რომელიც დისკრედიტებულია. ამ წამყვან ჯგუფს დღეს ბატონი სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ აწყობს ნულოვანი ბარიერით არჩევნები, რადგან ისინი კარგავენ ძალადობრივ მონოპოლიას და ექსკლუზივს ოპოზიციაში. რითაც ისინი აიძულებდნენ სრულიად განსხვავებულ ოპოზიციურ პარტიებს და ლიდერებს, რომ მაინცა და მაინც მათთან ერთად ემოქმედათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.