არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას
სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის მხრიდან ახალი შინაარსის განცხადებები კეთდება.
„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ასეთი შეთანხმება მოხდეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თქვენ ხედავთ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის განცხადებებს, სადაც როგორც ჩანს, ისინი უბრუნდებიან „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს ბოლო დიალოგში, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მივესალმებით ამ სიახლეს და რასაკვირველია, ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, ოპოზიცია თუ გადახედავს თავის დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.