არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას გააერთიანებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გულწრფელად აჩვენა საზოგადოებას, რომ ის არის სამშობლოს პატრიოტი და არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას შეძლებს მომავალში იმ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გულწრფელად აჩვენა საზოგადოებას, რომ ის არის სამშობლოს პატრიოტი.
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს გამოჩნდა, როგორი ძალა აქვს ერთიანობას, რა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოს პროგრესისა და უკეთესი ცვლილებების გულშემატკივარია, ერთად დავდგეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გულწრფელად აჩვენა საზოგადოებას, რომ ის არის სამშობლოს პატრიოტი, მას აქვს მომავლის ხედვა და არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას შეძლებს მომავალში იმ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ადამიანის უფლებების დაცვა და როგორიც არის ჩვენი პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება განვითარებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა გააკეთოს სწორი არჩევანი მშვიდ მომავალსა და უკან დაბრუნებას შორის.
„პრაქტიკულად საარჩევნო კამპანია სრულდება, არჩევნები არის რამდენიმე დღეში და ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა გააკეთოს სწორი არჩევანი მშვიდ მომავალსა და უკან დაბრუნებას შორის, გააკეთოს არჩევანი ღირსებასა და იმ სიბინძურეს შორის, რაც ამ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ვნახეთ. ეს საარჩევნო დემოკრატია სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი და ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მოუტანს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, კიდევ უფრო დაახლოებს უბრალო ადამიანებთან, რომლებმაც უნდა ისარგებლონ ამ დემოკრატიით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სპორტის სასახლეში დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.