არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა, რომ არგუმენტები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელსაც ქვეყნის მომავლისთვის მაღალი მნიშვნელობა აქვს და რომელმაც შეიძლება, ქართული დემოკრატია გააძლიეროს.
თალაკვაძის თქმით, იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აქვს ის ღირებულება, რომ მომავალში ყველა არჩეულმა ლიდერმა და კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა თავისი საქმე, მათ შორის, რისიც შეიძლება ძალიან სჯეროდეს, გააკეთოს მხოლოდ კონსტიტუციის, წესების დაცვით.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მაღალი მნიშვნელობა აქვს და რომელმაც რეალურად შეიძლება, გააძლიეროს ქართული დემოკრატია, რაც მთავარია, საბოლოოდ დაუსვას წერტილი იმას, რაც წარსულში ჩვენ და ჩვენი მშობლების თაობას არაერთხელ უნახავს. გვახსოვს, სადამდე მიიყვანა საქართველო კონსტიტუციის უგულებელყოფამ, დარღვევამ და სადამდე მიიყვანეს ლიდერებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათი მოსაზრება, მათი გადაწყვეტილებები, რისიც მათ სჯეროდათ, უფრო მნიშვნელოვანი იყო, კონსტიტუციაზე უფრო მაღლა იდგა. არაერთხელ გვახსოვს, როგორ გადადეს გვერდით კონსტიტუცია საქართველოში. შედეგად ჩვენ გვქონდა სამოქალაქო ომი, რამდენიმე პოლიტიკური კრიზისი და, საბოლოო ჯამში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ბევრი დრო და დაკარგა არაერთი შესაძლებლობა. ჩვენ ზოგჯერ მოგვიწია ქვეყნის მშენებლობის თავიდან დაწყება და ზოგჯერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და, ზოგადად, სახელმწიფოს იმ მნიშვნელოვანი ფუნდამენტის მშენებლობის თავიდან დაწყება, რაზეც დგას ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ასე რომ, საკონსტიტუციო განხილვას და ამ პროცესს აქვს ის ღირებულება და მნიშვნელობა, რომ ის განაპირობებს, რომ მომავალში ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა თავისი საქმე, მათ შორის, რისიც შეიძლება ძალიან სჯეროდეს, გააკეთოს მხოლოდ კონსტიტუციის, წესების დაცვით. ევროპული სახელმწიფო არის ის სახელმწიფო, სადაც ლიდერები, ინსტიტუტები მოქმედებენ და მუშაობენ კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ არ შევთანხმდით წესებზე, ვერასდროს გადავალთ უფრო მაღალ ლიგაში და ვერ ვითამაშებთ ისეთ ფეხბურთს, რომელსაც თამაშობს ევროპა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ არგუმენტები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო.
„დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ჩვენი გუნდის ლიდერები თავიანთ არგუმენტებში მართლები იყვნენ, როცა იმპიჩმენტი დაიწყო. ანუ, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, იყო საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული. დღევანდელმა განხილვამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენა. ასევე აჩვენა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძე, კიდევ ოთხი დეპუტატი, არიან ძალიან კვალიფიციურები, ძალიან მომზადებულები ამ პროცესისთვის. ეს ჩანდა, როგორც თავად პროცესზე დასწრების მომენტში, როდესაც პარლამენტარებმა გამოხატეს თავიანთი პატივისცემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ყველანი პირადად ჩავიდნენ პროცესზე, რამდენიმესაათიან პროცესს პირადად ესწრებოდნენ, ასევე, არგუმენტები იყო ძალიან მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.