არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით, საქართველომ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის, გააძლიეროს დემოკრატია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილება, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.
„საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული და არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში.
დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დაადასტურეს კენჭისყრაზე, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენ მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მან მოქალაქეებს, დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს და ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის და მადლობა გადავუხადო რაც მთავარია პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.
„ცვლილებები ეფუძნება ეუთო-ს ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფისის მეირ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს თავის მიერ აღებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე, თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მე კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მივულოცო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.