არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება, წარმოუდგენელია, პოლიტიკური დიალოგით შეთანხმდეს ვინმეს დაკავება ან გათავისუფლება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიასთან საუბრისთვის მზად არის.
თალაკვაძის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, დიალოგი უნდა წარიმართოს სამართლიან პირობებში და მას გარკვეული რაციონალური საფუძველი უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი მოლაპარაკებების ძირითადი პლატფორმა არის დიალოგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევენ ელჩები. რაც შეეხება დიალოგებს შორის კომუნიკაციას, ეს შესაძლოა, ყოფილიყო მაგალითად საარჩევნო რეფორმის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის დამუშავებაც მიდიოდა, მაგრამ რაც შეეხება ინდივიდუალურ კონსულტაციებს, გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაცია დღეს პაერტია „მოქალაქეებთან“. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიასთან საუბრისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, დიალოგს და საუბარს არ აქვს ალტერნატივა, მხოლოდ ეს უნდა იყოს სამართლიან პირობები და, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული რაციონალური საფუძველი უნდა ჰქონდეს.
როდესაც შენ მოლაპარაკებებში საკითხად აყენებ, რომ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმება მოხდეს იმაზე, რაზეც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ან შეთანხმება მოხდეს იმაზე, რაც არის პროკურატურის კომპეტენცია, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ შენ გსურს, დაბლოკო მოლაპარაკებების პროცესი და გინდა, ჩაშალო მოლაპარაკებები.
გახსოვთ, ამის მცდელობა იყო მარტშიც, ისინი პირდაპირ ითხოვდნენ ამას, მაშინ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, ვინაიდან ყველამ, ვინც დიალოგში მონაწილეობდა, იმ სურვილით, რომ შეთანხმება შემდგარიყო, დააფიქსირა პოზიცია, რომ ასეთი შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის, დემოკრატიის პრინციპებს, და ეს ფიზიკურად შეუძულებელია. გახსოვთ მაშინ, რომ არც ერთი ასეთი ჩანაწერი რომელიმე პატიმრის გათავისუფლებასა თუ დაკავებაზე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მაშინაც ამ რადიკალურმა პარტიებმა დაიწყეს ამაზე სპეკულაციები და ამტკიცებდნენ იმას, რაც არ ეწერა დოკუმენტში, დღემდე იყენებენ ამ მეთოდს და ცდილობენ, ახლაც ეს საკითხი აქციონ რაღაცნაირად ამ მოლაპარაკებების შემაფერხებლად.
თუ თქვენ გაინტერესებთ ჩემი არგუმენტები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (დავით გარეჯის საქმე), მაგაზეც შემიძლია გიპასუხოთ სხვა დროს სხვა ფორმატშიც, მაგრამ აქ ფაქტი არის ერთი, საქმე ეხება ძალიან სერიოზულ სისხლის სამართლის ბრადლებას, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოაქვეყნა პროკურატურამ, არის სერიოზული კითხვები. ეს არ არის რაღაც კერძო საკითხი, არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომელსაც გამოძიებამ და შემდეგ სასამართლომ უნდა უპასუხოს. ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი პოლიტიკოსის, არც ოპოზიციიდან, არც უმრავლესობიდან გადასაწყვეტი არ არის ამ ადამიანების დაპატიმრების, თუ გათავისუფლების საკითხი. ეს რის მართლმსაჯულების თემა. სახელმწიფოში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ პოლიტიკური დიალოგით შეთანხმდეს ვინმეს დაკავება ან გათავისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.