არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და ორივე მიმართულებით აღკვეთოს აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და ორივე მიმართულებით აღკვეთოს აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარვე უნდა მოხდეს პრევენცია იმ აქტივობის, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობისა და ესკალაციის, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს.

„გააგრძელონ პროტესტი რამდენ ხანსაც სურთ. ჩვენ, პოლიტიკოსები ვაგრძელებთ კონსულტაციებს, დიალოგს და დარწმუნებული ვარ, ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.