არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე დაიცავს საბანკო სექტორის ინტერესებს
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
„ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვინაიდან, ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მხარეს და მუდმივი საუბარია, ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა, ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება, ჰქონდეთ სხვადასხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც „თიბისი ბანკია“.
„კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება, რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან მომავალში ჰქონდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სწორი არ არის.
„დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოძიების შედეგებს, ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე.