არჩილ თალაკვაძე - სახალხო დამცველობის იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც დარჩნენ შერჩევის პროცესში, შესაძლოა, არის ადამიანი, ვისზეც შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესაძლებელია
არჩილ თალაკვაძე - სახალხო დამცველობის იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც დარჩნენ შერჩევის პროცესში, შესაძლოა, არის ადამიანი, ვისზეც შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესაძლებელია

ჩვენი მიზანია, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და დამოუკიდებელი, რათა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„თავიდანვე დავგეგმეთ პროცესი და გამოვხატეთ მზადყოფნა, რათა ახალი ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსითა და შეთანხმებით. ჩვენი მიზანია, ამ თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და ამავე დროს, დამოუკიდებელი, რათა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადებში მოხდეს ომბუდსმენის შერჩევა და ინსტიტუტმა უწყვეტად გააგრძელოს ფუნქციონირება.

„არ დავეთანხმებოდი იმ სკეპტიციზმსა და იმ ოპონენტებს, რომლებიც წინასწარ გამოთქვამდნენ ნეგატიურ მოლოდინს, თითქოს ომბუდსმენი არ თუ ვერ შეირჩევა. თითქოს ამ ადამიანებს ინტერესიც აქვთ, რომ ვერ შეირჩეს ომბუდსმენი ვადების მიხედვით, მაგრამ მგონია და ვხედავ ამის საფუძველს, რომ შესაძლებელია შეთანხმება საუკეთესო კანდიდატზე, რომელიც გაუძღვება ინსტიტუტის საქმიანობას. იცით, რომ კონსულტაციების შედეგად კანდიდატების წრე, ვის შორისაც უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება, შემცირდა. ნამდვილად არის ის მომენტი, თუ ოპოზიცია გამოიჩენს მცირე მონდომებას და ნებას, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეთანხმებისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც დარჩნენ შერჩევის პროცესში, „შესაძლოა, არის ადამიანი, ვისზეც შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესაძლებელია“.

„არ დამითვლია, ვისზე რას ამბობენ უფრო ხშირად, მაგრამ იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც დარჩნენ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად შერჩევის პროცესში, ნამდვილად შეიძლება იყოს ერთი, რომელზე შეთანხმებისთვისაც ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას. წინასწარ არ დავასახელებ, რადგან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ცალკე აღებულ პოლიტიკოსს არ აქვს შესაძლებლობა და ალბათ უფლებაც, რომ კანდიდატი დაასახელოს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.