არჩილ თალაკვაძე - საკამათო არ არის, რომ პრეზიდენტი არის ძალადობის წინააღმდეგი, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო
ცალსახაა და საკამათო არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ძალადობის წინააღმდეგი, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ პრეზიდენტის განცხადება იყო კონტექსტიდან ამოღებული.
„რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის კომენტარი იყო კონტექსტიდან ამოღებული და ისე განხილული ზოგიერთ მედიასაშუალებაში. ცალსახაა და არ არის საკამათო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ძალადობის წინააღმდეგი, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში შევამციროთ ძალადობა, შევამციროთ ძალადობა არასრულწოვნებს შორის და ამისთვის არაერთი რეფორმა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი და როდესაც საშემოდგომო სესიაზე დავბრუნდებით, პარლამენტი ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.
დღეს კი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაიღალა რამდენიმე ტელევიზიის მხრიდან ბულინგით.
„თუ ქართული არ გესმით, თქვენი პრობლემაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.