არჩილ თალაკვაძე - საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები, რომლებიც ახლა პროპორციულად ვეღარ ჩაითვლება
არჩილ თალაკვაძე - საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები, რომლებიც ახლა პროპორციულად ვეღარ ჩაითვლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს მიმართა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშაონ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებსა და წესებს, რაც არის მოწოდებული ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან.

„მინდა, ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას. კერძოდ, თქვენ გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომლებიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად. ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის, საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და მას პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს.

„ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს, ის მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ამიტომ, გთხოვთ ბატონო ანრი, ასევე ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად დროულად დაამუშაოთ ცვლილებები და რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპში მივიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა ასეთ დარღვევებზე. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს დარღვევები არ არის მხოლოდ დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესების და რეკომენდაციების უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც, მათ შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა სახეზე.

მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამის ადმინისტრირების კუთხით ჩვენ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი და ამავე დროს ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები. გთხოვთ, რომ ამ მიმართულებით დროულად დაამუშაოთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომ უახლოეს სხდომებზე ჩვენ გვქონდეს მისი მიღების საშუალება. გამოყენებული იყოს ასეთი ზომები უკვე ამ წესების ადმინისტრირებისთვის, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში თუ სხვა საჯარო აქტივობებში“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სისტემური შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდუალურად წესების დაცვა ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იყო წარსულში, როდესაც კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის ვითარება მოქმედებდა.

„დღეს საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მაგალითად, მათ შორის, პარკებში, სადაც არის ბევრი ადამიანი შეკრებილი, ბოლო დღეებში იქაც ხშირად ადამიანები პირბადეს არ იყენებენ.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირბადე განსაკუთრებით, დღეს ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. როდესაც სახელმწიფომ სისტემური შეზღუდვები მოხსნა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სისტემური შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდუალურად წესების დაცვა ხდება ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იყო წარსულში, როდესაც კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის ვითარება მოქმედებდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.