არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია კომიკურია
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმასთან დაკავშირებით, კომიკურად გამოიყურება.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელმაც ამომწურავად უპასუხა კომისიის წევრების კითხვებს. როდესაც ამბობთ, რომ მის განცხადებას მოჰყვა გამოძიების, საგამოძიებო მოქმედებების შეჩერება, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალა გამოძიებას, ამაში ვერანაირად დაგეთანხმებით, რადგან 490-მდე საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული ქრონოლოგიურად სწორედ მისი განცხადების შემდეგ. შესაბამისად, ბრალდება, რასაც ამ ადამიანს უყენებთ თქვენს დასკვნაში, უსაფუძვლოა“, – მიმართა „ევროპული საქართველოდან“ კომისიის წევრებს არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, მისი თქმით, მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც არც კანონმდებლობით და არც რეალურად, საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვაში და არც მათ განხორციელებაში უშუალოდ არ არის ჩართული.
„შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით საერთოდ მინისტრის საკითხის განხილვა, მით უმეტეს, სამართლებრივ შეფასებებში და დასკვნაში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, არასწორია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დეპუტატის შეფასებით, კიდევ უფრო კომიკურია იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე რეკომენდაცია.
„რაც შეეხება თეა წულუკიანს, ვფიქრობ, აქ კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება თქვენი რეკომენდაცია. მინისტრის პასუხისმგებლობას აყენებთ რაზე, რომ მან პროკურორებს და პროკურატურას პოლიტიკური განცხადებით დაუჭირა მხარი? ამ განცხადების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოძიებასთან, მის შედეგებთან ან მართლმსაჯულების განხორციელებასთან რეალურად კომისიას ფაქტობრივად დადგენილი არ აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნულ რეკომენდაციაში მეორე კომიკური მომენტიც არის.
„თუ მართლა მიგაჩნდათ, რომ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა არის ამ საქმეში, მაშინ რამდენიმე საქმიანი კითხვა მაინც უნდა დაგესვათ მისთვის კომისიაზე, რომ ეს კავშირი რამენაირად დასაბუთებული ყოფილიყო. გვახსოვს, როდესაც მოვიდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც ერთი საქმესთან რეალურად დაკავშირებული კითხვა, რომელიც ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დაადგენდა, მისთვის არ დაუსვამს კომისიას. მათ შორის, არ დაგისვამთ თქვენ, ვინც დღეს ამტკიცებთ დასკვნაში, რომ თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვეს.