არჩილ თალაკვაძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრამდე, კიდევ გვექნება საშუალება, დეტალებზე ვიმსჯელოთ, დროც არის, რომ საკითხზე ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს
არჩილ თალაკვაძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრამდე, კიდევ გვექნება საშუალება, დეტალებზე ვიმსჯელოთ, დროც არის, რომ საკითხზე ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვიმსჯელოთ, შესაბამისად, დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები სასამართლოში და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განმტკიცების მხრივ. სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც შემცირებულია სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესებულია სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეებში დავის მხარეებს შორის ბალანსიც, რაც პირდაპირ ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში“,

მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„ჩვენ რეფორმების ოთხი ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ რეფორმების მეოთხე ტალღას და სწორედ ამ ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს უკავშირდება – ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთება, გასაჩივრება და კენჭისყრის პროცედურა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ყველა მხარესთან გვქონდა კონსულტაციები, ვინც სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, სამი ასეთი ფართო სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით. რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვიმსჯელოთ. შესაბამისად, დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს, პლენარული სხდომების კვირაში დაამტკიცებს.