არჩილ თალაკვაძე - საერთაშორისო თაღლითობაში მხილების შემდეგ კეზერაშვილი ღიად აცხადებდა, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, კრიტიკულ მედიას, აქ არის პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი ნიშნები
ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება ევროპელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო თაღლითობის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს და ხალხს ეუბნება, რომ თითქოს ეს ახალი ამბავია, რაც არის ტყუილი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება გერმანელ, ევროპელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო თაღლითობის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. მათ გამოავლინეს საქმის არაერთი კომპონენტი და პასუხისგებაში მისცეს ამ ორგანიზებული დანაშაულის წევრთა ნაწილი. გამოძიება გრძელდება. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს და ხალხს ეუბნება, რომ თითქოს ეს ახალი ამბავია, დღეს გაიგეს გერმანიამ და საქართველომ და თითქოს დღეს გაიგეს სამართალდამცავებმა. ეს არის ტყუილი.
არ უნდა დაგვავიწყდეს ამ საკითხის მთავარი სათაური და რა არის ამ ამბავში ყველაზე მთავარი – ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ჩატარებული გამოძიების შემდეგ „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს და სადაც პირდაპირ ამხილა დავით კეზერაშვილი, როგორც საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის და თაღლითობის ერთ-ერთი მთავრი ორგანიზატორი. ეს ადამიანი გახლდათ უმაღლესი თანამდებობის პირი წინა ხელისუფლების დროს, თავდაცვის მინისტრი, რომელსაც, სამწუხაროდ, ებარა ჩვენი ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს ის ადამიანია, რომელიც ამ საერთაშორისო თაღლითობაში მხილების და ბრალდებების შემდეგ ღიად აცხადებდა, რომ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, კრიტიკულ მედიას და დახმარებას უწევს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს. აქ არის პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი ნიშნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ „საერთაშორისო თაღლითობით და ორგანიზებული დანაშაულით მოპოვებული ფულით დავით კეზერაშვილი ცდილობდა საქართველის პოლიტიკაში ჩარევას“.
„გვახსოვს, ხაბეიშვილი და მელია საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მათ ირიბად დაადასტურეს, რომ არალეგალური და უკანონო დაფინანსება მართლაც მოდიოდა დავით კეზერაშვილის მხრიდან და ეს პარტიულ დეკლარაციებში ასახული არ არის. შესაბამისად, პოლიტიკური კორუფცია შეიძლება იყოს, რაც მათივე გუნდიდან არის დადასტურებული. აქ სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი და საგანგაშო, რომ საერთაშორისო თაღლითობით და ორგანიზებული დანაშაულით მოპოვებული ფულით დავით კეზერაშვილი ცდილობდა საქართველის პოლიტიკაში ჩარევას. ეს საკითხი პასუხს სცემს იმ კითხვას, თუ რატომ წავიდა რადიკალური ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ როცა გაიგეს, სინამდვილეში რა ფული იყო ეს და რა კავშირები ჰქონდა ამას პოლიტიკასთან, მიიღეს ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილება და თქვეს, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონი არ სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.