არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, დისკუსია, რომ მუდმივად ვითვალისწინებდეთ, რა სჭირდება მოქალაქეს და საზოგადოებამაც იცოდეს, რისი გაკეთება შევძელით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენა ექიმებისადმი მადლობით დაიწყო.
თალაკვაძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა ყველაფერი გააკეთეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.
„მსურს, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მიმართ – ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა ყველაფერი გააკეთეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ყველა პროფესიონალს, იმ სამსახურების წარმომადგენლებს ვინც ექიმებთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა. თუმცა, ჩვენ ერთად, დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმით და სოლიდარობით შევძელით ამ საფრთხის შეკავება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებული სიახლეები იმედისმომცემია.
„მჯერა, უახლოეს მომავალში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფუნქციების აღდგენას სრულად შევძლებთ. მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს-აშშ-სა და ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საფინანსო ინსტიტუტებს. მათი მხარდაჭერა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ანგარიშის წარდგენისას პანდემიის პერიოდში საკანონმდებლო მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა თავის ფუნქციებს.
„ჩვენ 51 პლენარული სხდომა ჩავატარეთ და 515 საკანონმდებლო ცვლილება მივიღეთ. გავაუმჯობესეთ მდგომარეობა კანონის უზენაესობის, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, საარჩევნო წესებისა და რეგულაციების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, არასრულწლოვნების დაცვის, დასაქმების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ციფრული მმართველობის, ინფორმაციული უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით. ჩატარდა 2 ინტერპელაცია, პარლამენტმა სამჯერ მოუსმინა საქართველოს პრემიერ მინისტრს, მინისტრები რეგულარულად ესწრებოდნენ საკომიტეტო და პლენარულ ფორმატში მოსმენებს, განვიხილეთ ანგარიშვალდებული ორგანოების არაერთი მოხსენება, ჩატარდა თემატური მოკვლევები და დეპუტატებმა 800-ზე მეტ შემთხვევაში გააგზავნეს სადეპუტატო შეკითხვები. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გაცემის თვალსაზრისით, პარლამენტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და IDFI-ს ყოველწლიურ რეიტინგში აქვს ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ.
„არსებობს წონასწორობის წერტილი, იმ მოქალაქეს, ვინც ფიქრობს, პარლამენტის წევრი რომ იყოს, ბევრ რამეს შეცვლიდა და იმ მოქალაქეს შორის, ვინც პარლამენტის წევრია და ფიქრობს, თუ რამდენი დრო, ძალისხმევა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია სჭირდება თითოეული მნიშვნელოვანი საკითხის ეფექტიანად გადაწყვეტას. გთხოვთ, სწორედ ამ კუთხით შევხედოთ ჩვენს საქმიანობას და ანგარიშვალდებულებას მოქალაქეებთან. საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ტრადიციული და ახალი მედიის გამოყენება, დისკუსია, რომ ეს წონასწორობა არ დაირღვეს და ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებდეთ, რა სჭირდება საზოგადოებას, მოქალაქეს და თავის მხრივ, საზოგადოებამაც იცოდეს, თუ რის გაკეთება შევძელით და რას გავაკეთებთ მომავალში. პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს, როგორც არასდროს, მომავალზე არის ორიენტირებული. ჩემი ანგარიშიც, შესრულებულ სამუშაოსთან ერთად, სწორედ ამას ემსახურება. დავიწყებ იმით, რომ თანამედროვე საქართველოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს სამ ძირითად ღირებულებას- ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. საქართველოს პარლამენტს სამივე სფეროში აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, როგორც საკანონმდებლო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით“, – განაცხადა თალაკვაძემ.