არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვერც სააკაშვილი, ვერც მელია და ვერც ერთი სხვა ცხელთავიანი ლიდერი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
„ქართული ოცნება“ პატივს სცემს ამომრჩევლის არჩევანს, „ნაციონალური მძრაობა“ კი საკუთარ ამომრჩევლებს ეუბნება: ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რა გადაწყვიტეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიალოგის გამართვის წინაპირობა არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგების აღიარების საკითხი, ვინაიდან არჩევნები ჩატარდა კანონის სრული დაცვით.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, „ვერც ერთი ცხელთავიანი ლიდერი“ ვეარანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„ჩვენ არანაირ წინაპირობას არ ვაყენებთ. არჩევნების აღიარება არ არის წინაპირობა, ეს არის ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურ კონსესუსზე დაფუძნებით საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, მისი შედეგების აღიარება არის ყველა დემოკრატიული, პოლუტიკური ძალის ვალდებულება. შესაბამისად, აქ წინაპირობები არ არის, ეს არჩევნები აღიარა საზოგადოებამ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ორ მილიონამდე თანამოქალაქემ, პანდემიის პირობებში მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკურ პარტიებს უთხრა: ჩამოაყალიბეთ პლურალისტური პარლამენტი იმ კონკრეტული თანაფარდობით, რა შედეგებიც დაიდო, შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ.
„ქართული ოცნება“ პატივს სცემს ამომრჩევლის არჩევანს, „ნაციონალური მძრაობა“ კი იმ ამომრჩევლებს, რომელთაც მას ხმა მისცეს, ეუბნება, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რა გადაწყვიტეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და თუ არჩევნებში ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ შეიძლება, ბუნებაში იყოს დემოკრატიული.
ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ამ დესტრუქციულ ძალას უთხრა, რომ ჩვენ გვსურს, მხოლოდ საარჩევნო ყუთით მივიღოთ ქვეყანაში გადაწყვეტილებები. საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვერც სააკაშვილი, ვერც მელია და ვერც ერთი სხვა ცხელთავიანი ლიდერი ვერანაირ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ვერ მიიღებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.