არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებები გავაკეთეთ, ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ველოდებით მათ რაციონალურ პასუხს
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ იანვარში გაიმართება.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას მომზადება სჭირდება და ამ მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციას კონკრეტული წინადადება უკვე შესთავაზა და ახლა პასუხს მათგან ელოდებიან.
„იცით, რომ ჩვენ შეთავაზებები გავაკეთეთ, ბურთი არის მათ მოედანზე და ვნახოთ, როგორი იქნება დაფიქრების და განსჯის შემდეგ ოპოზიციის პასუხი ამ შეთავაზებაზე. ვფიქრობ, რომ 100-50 არის რეალისტური შეთავაზება, ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარულის რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას, რაც იყო კიდეც ოპოზიციის მოთხოვნა. ამიტომ, ველოდებით ამაზე ოპოზიციის რაციონალურ პასუხს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.