არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო სისტემაზე კომპრომისული შეთავაზება გავაკეთეთ, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 100/50-ზე მათი ბოლო შეთავაზება კომპრომისული ვარიანტია.
თალაკვაძის თქმით, მმართველმა პარტიამ შეთავაზება უკვე გააკეთა და ახლა გადაწყვეტილება ოპოზიციამ უნდა მიიღოს.
„ჩვენ გავაკეთეთ კომპრომისული შეთავაზება 100/50ზე. თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, განვიხილოთ ეს მოდელი და მათთვის საინტერესო საკითხები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველით მომდევნო შეხვედრას“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს რეზოლუციას, თალაკვაძის განმარტებით, ევროპის საბჭო ამბობს იმას, რაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ყოველთვის ჰქონდა აღებული და ასრულებდა კიდეც.
„ევროპის საბჭო ამბობს იმას, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ყოველთვის გვქონდა აღებული და ვასრულებდით, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად. რა თქმა უნდა, ამაზე ევროპის საბჭოს შეგვიძლია, დღესვე ვუპასუხოთ დადებითად“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.