არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო საკითხებზე კონსტრუქციული სამუშაო პროცესი წაადგება პოლიტიკური სისტემის განვითარებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არსებობს რესურსი, რომ რაც შეიძლება ფართო შეთანხმება შედგეს.
„დადებითი შეფასება მინდ,ა მივცე ამ სამუშაო ჯგუფის კონსულტაციებს, რომელიც უკვე ორი დღეა გვაქვს. ოპოზიცია არის საკმაოდ კონსტრუქციული. არის რესურსი, რომ რაც შეიძლება ფართო შეთანხმება მოხდეს, თუმცა თვითმიზანი არ უნდა გახდეს ის, რომ ყველა მაინცა და მაინც დაეთანხმოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის კონსტრუქციული სამუშაო პროცესი, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით და რომელშიც არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამუშაო პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება პოლიტიკური სისტემის განვითარებას და თანამშრომლობის კულტურის დანერგვას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.