არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო რეფორმით კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საქართველო აგრძელებს სვლას უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისკენ
საბოლოო ჯამში, ეს რეფორმები, სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ, არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის შემადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კენჭისყრის შესახებ განაცხადა.
„რიგგარეშე სესია იმართება. ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს განვიხილავთ. ეს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საარჩევნო რეფორმა, რომელშიც შედის ხელშესახები და ძალიან პროგრესული ცვლილებები. ეს უკავშირდება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, უკავშირდება პარტიების დაფინანსების წესს, არჩევნების დღეს. მედიასთან და სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური პარტიებისთვის და ოპოზიციისთვის ძალიან სასურველი, რომ ასეთი ცვლილებები მომხდარიყო, თუმცა, ეს დღეს გახდა შესაძლებელი და თქვენ ყველანი ხართ ამ პროცესის მონაწილე. დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროთ ამ ცვლილებებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ეფუძნება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს.
„ჩვენ როგორც ქვეყანა და როგორც პოლიტიკური ძალა, მმართველი პოლიტიკური პარტია კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგული ვართ და რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და სვლას უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისკენ, რაც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ პოლიტიკურ სისტემას შესძენს მეტ სტაბილურობას და მას კიდევ უფრო მეტად ჩააყენებს ჩვენი მომავლის სამსახურში. საბოლოო ჯამში, ეს რეფორმები, სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ, არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის შემადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების წარმატებით ჩვენ ვუახლოვდებით კიდევ უფრო მეტად იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება დიდი შრომა, რეფორმების გაგრძელება, ამას სჭირდება ჩვენი ძალისხმევა და მე თქვენთან ერთად დღეს მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, შესაძლებლობა, ამ ისტორიულ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.