არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი
საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, ასევე რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტის მიღების პროცესში.
„რეალურად ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად. ასევე მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.
ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.
საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:
„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;
2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;
3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.