არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო ბარიერზე წუწუნი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს
არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო ბარიერზე წუწუნი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს

საარჩევნო ბარიერზე პოლიტიკური წუწუნი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს, რომ პარლამენტში შევიდეს და რაიმე გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პირობა და საფუძველი, რისთვისაც საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა.

„სისტემა, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, დაფუძნებულია ევროპულ სტანდარტებსა და გამოცდილებაზე. საარჩევნო ბარიერზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყანა წინა წელს სტატუსს თუ მიიღებდა, ამ კომპრომისისთვის მზად ვიყავით. მაშინ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო და ამოიწურა საფუძვლები, რითიც ეს კომპრომისი ოპოზიციას უნდა მიეღო. ოპოზიციამ გააგრძელა პოლარიზაცია, ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. სტატუსის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის ლობისტებში ფულს იხდიდნენ. ამის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ კიდევ რჩება ვალდებულება, რომ ოპოზიციისთვის რაიმე შეღავათის გაკეთება განიხილოს? ოპოზიციის მუქარები არ გახსოვთ, რომ ხელისუფლებას შეცვლიან? ქვეყნის მასშტაბით 80 ათასი ამომრჩეველი თუ არ ჰყავთ მათ, რომლებიც იმუქრებიან, რომ მომავალზე არიან პასუხისმგებელი და არჩევნებში გაიმარჯვებენ, მაშინ რაღაზეა საუბარი? პირობა და საფუძველი, რისთვისაც ბარიერის დაწევა იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა. არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ეს სისტემა ასახულია კონსტიტუციაში, ამიტომ ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის იმ პირობებში, რაც კონსტიტუციაში წერია. საარჩევნო ბარიერზე პოლიტიკური წუწუნი ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს, პარლამენტში შევიდეს და რაიმე გააკეთოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.