არჩილ თალაკვაძე - პრემიერმა საქართველო წარმოაჩინა როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობისგან
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, საამაყოა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანას აქვს საუკუნოვანი ტრადიცია, უნიკალური კულტურა, ენა, რაც კიდევ უფრო გამოარჩევს მსოფლიოში. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძემ სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა და ამავე დროს, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში განვითარების პროცესს.
„საქართველოს პრემიერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჰქონდა ძალიან ძლიერი გამოსვლა, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტრიბუნა. მან ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ეკონომიკური განვითარების შესახებ, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, გაერო-ში მამუკა ბახტაძის გამოსვლა იმით გამოირჩეოდა, რომ მან საქართველო წარმოაჩინა როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან.
„ვფქირობ, სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა რეგიონში საქართველოს როლზე, ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და ამავე დროს, მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში განვითარების პროცესს. საქართველო დღეს ნამდვილად მზად არის ამისთვის, რადგან ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძის ძლიერი და საქმიანი საუბარი მსოფლიო ლიდერების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება.
„მამუკა ბახტაძემ ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, იმ პრობლემებზე, რასაც ჰქვია რუსული დიდი ძალა და მძიმე დარღვევებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის მტკიცე და ურყევი, ეს არის დასავლეთში, დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ნატო და ევროკავშირი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.