არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილთან ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, საქმიანი და საექიმო მათგან საზოგადოებას ჯერ არაფერი გაუგონია
ეს ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მერე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„თუ გახსოვთ, რამდენი ექიმი ჩამოვიდა? თვითონ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ჩამოთვალეს, ამერიკელებიც გვყავდაო, ევროპელებიცო, ნობელიანტებიც, პროფესორებიც და კლინიცისტებიცო და თქვენ, როგორც ძალიან ინფორმირებულ ჟურნალისტს, თუ გახსენდებათ რომელიმე ჩამოყვანილი ექიმის, ერთი კონკრეტული ექიმის განცხადება ან დასკვნა, სადაც საზოგადოებამ გაიგო, რას არ ეთანხმებიან? ხომ არის საუბარი, არ მკურნალობენო და ა.შ. და თქვან, კონკრეტულად რას არ ეთანხმებიან? თუ არ მკურნალობენ, რა მკურნალობას ითხოვენ, ეს ჯერ არ ვიცით, არავის არ მოუსმენია არცერთი ჩამოყვანილი ექიმისგან. მეორე, საერთოდ მკურნალობს თუ არა ეს ადამიანი და რასაც უნიშნავენ, იღებს თუ არა, ამაზე მათგან არაფერი მოგვისმენია; გარდა ამისა, არცერთი ექიმისგან არ მოგვისმენია, რა პროფილის ექიმები სჭირდება და რა დიაგნოსტიკა ისეთი, რომელიც თურმე საქართველოში არ მოიპოვება. შესაბამისად, ეს ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მერე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. სხვა, საქმიანი, საექიმო და პროფესიონალური, მათგან საზოგადოებას ჯერ არაფერი გაუგონია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ წინა ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში, რომელზე დაყრდნობითაც ძალიან მძიმე განცხადებები ისმოდა, მოცემული არ იყო სააკაშვილის არცერთი დიაგნოზი და არცერთი კვლევა, თუ რა მკურნალობა სჭირდება პატიმარ სააკაშვილს, რომ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს.
„დასკვნაში არ წერია არანაირი დასაბუთება არცერთი პროფესიონალის ჩართვის შესახებ, თუ რა პროფილის ექიმები უნდა ჩაერთონ დამატებით. არ წერია, რა არის წონის შემცირების მიზეზი და არ წერია, რას არ ეთანხმებიან ეს ექიმები მკურნალობის სქემაში. სამაგიეროდ, წერია, ამის შთაბეჭდილება შეგვექმნა, იმის შთაბეჭდილება შეგვექმნა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის სამედიცინო პროფესიონალი, ალტერნატიული აზრი და პროფესიონალური ჩართულობა პატიმრის მკურნალობაში? ეს ხომ, უბრალოდ, საზოგადოების მოტყუებაა?! გამოვიდნენ ეს ადამიანები და განმარტებები გააკეთონ, რასაც ლაპარაკობენ, ის რატომ არ წერია დოკუმენტებში და დასკვნებში? საერთოდ, სად არის ეს ინფორმაცია, რისთვის ჩამოდიან ეს ექიმები?“ – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას მიაღწია სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ლობისტური კომპანიების დაქირავებით, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ თითქოსდა დარღვეული უფლებების საკითხშიც სრული ფიასკო აქვთ და ჯანმრთელობის მიმართულებითაც, რაც, როგორც გაირკვა, აბსოლუტურად გამოგონილი ამბავია.
„უფლებრივ საკითხში სრული ფიასკო აქვთ, თორემ სამართლისთვის და სიმართლისთვის ეს არის სწორი, იმიტომ, რომ სწორი რაც არის, ის დაადგინა ევროსასამართლომ. მეორე, ჯანმრთელობის მიმართულებით რას მიაღწიეს? აგერ, გავარკვიეთ, რომ თურმე ჯანმრთელობის საკითხი არის აბსოლუტურად გამოგონილი ამბავი, ყალბი შლეიფი ამ საქმის გარშემო იმისთვის, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალი და პოლიტიკური სკანდალით ზეწოლა მოახდინონ საქართველოს სახელმწიფოზე, რომ ეს ადამიანი გაათავისუფლონ პატიმრობიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კამპანია მთლიანად არის აგებული კონკრეტულ მიზანზე და შემთხვევაზე.
„ამას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოს აიძულონ რაღაც ისეთის გაკეთება, რომელიც, მათივე გადმოსახედიდან, მთლად ევროპულ ღირებულებებში, მთლად დემოკრატიაში, მთლად გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაში არ ჯდება და სწორედ ამიტომ დასჭირდათ ეს შემოვლითი გზები, როდესაც ექიმები პოლიტიკურ საკითხებს უწყობენ ხელს და არა მკურნალობას, როდესაც რიგი ევროპარლამენტარები ანტიევროპულ განწყობებს ავითარებენ, პირდაპირ ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ა.შ.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.