არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები არა კონსულტაციებით, არამედ სამართლით წყდება
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები არა კონსულტაციებით, არამედ სამართლით წყდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები სამართლებრივი გზით წყდება და არა კონსულტაციებით.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ პასუხი გასცა ყველა სპეკულაციას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობდა.

„ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, რომელიც არა კონსულტაციებით, არამედ სამართლით წყდება. როგორც საქართველოს, ისე სტრასბურგის სასამართლომ ამ საკითხზე უკვე მიიღო გადაწყვეტილებები და პასუხი გასცა ყველა სპეკულაციას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობდა. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის გარემოცვამ მილიონები დახარჯა არა იმისთვის, რომ ჩამოეყვანათ ექიმები, რომლებზეც ამდენი თვის განმავლობაში საუბრობდნენ, არამედ სპეკულაციების საზღვარგარეთ რეკლამირებაში და საქართველოს იმიჯის, რეპუტაციის შელახვაში. ეს არანაირად არ ემსახურებოდა პაციენტის ჯანმრთელობას. დღეს თუ ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესება, მთავარი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია, აღადგინოს სრულფასოვანი კვება. მხოლოდ ეს ორი პირობა არის უმთავრესი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან არის სრული მზადყოფნა, სათანადო სერვისები მიეწოდოს და მისი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.