არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება 
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება 

სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა – არჩილ თალაკვაძემ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ და ამ საკითხებში ჩარევა მმართველი გუნდის ინტერესი არ არის.

„სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა. სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. ძირითადად, სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკოსები და ადვოკატები არიან დაკავებული მის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობით და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. ჩვენი ინტერესი არ არის, მის ჯანმრთელობის საკითხებში ჩავერიოთ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სოციალური ქსელში“ დაწერა: „არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა“.