არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში წარიმართება
„ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური დევნა დაარქვას, – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის გამამტყუნებელი განაჩენის კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ეს სამართლებრივი დევნაა და არა – პოლიტიკური.
„ნაციონალურ მოძრაობას” სურს, ამას პოლიტიკური დევნა დაარქვას, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერათ. სინამდვილეში, ეს სამართლებრივი დევნაა და არა – პოლიტიკური და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არის მიღებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო ექსტრადირებას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება.
„ექსტრადირების მოთხოვნა თავიდანვე უკრაინის შესაბამის სამსახურებში იყო გადაგზავნილი და შემდგომში ექსტრადირების მოთხოვნის გადაგზავნა განმეორებით მოხდა. ამიტომ ჩვენთვის ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.