არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხები არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში სრული ყურადღება ეთმობა. სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებრივი მდგომარეობა მაქსიმალურად დაცულია. მიხეილ სააკაშვილთან უკვე 800-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა, პენიტენციურ სისტემას ცხრა ათასზე მეტი პატიმარი ჰყავს და სხვა პატიმრებსაც აქვთ იგივე უფლებები, რაც მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის ნებისმიერი პოლიტიზება ექიმებს ხელს უშლის, მას სამედიცინო მომსახურება დროულად და ადეკვატურად მიაწოდონ.
„გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური ფიგურა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არის ყურადღება და არა სპეკულაციები. ჩვენთვის მიუღებელია ის სპეკულაციები, რომელიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მისი ჯანმრთელობის საკითხის ნებისმიერი პოლიტიზება ექიმებს ხელს უშლის, მას სამედიცინო მომსახურება დროულად და ადეკვატურად მიაწოდონ. გუშინ მას პენიტენციურმა სისტემამ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა, პასუხიც ვნახეთ. კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ გადაყვანას ეთანხმება, მაგრამ არა ახლაო. ჩვენთვის ეს გაუგებარი იყო, თუმცა შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რაც სჭირდება, გამოიყენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხები არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი.
„მერწმუნეთ, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხები არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი და მას პალატაში ახლობლები სჭირდება თუ თანაპარტიელები, ამას ექიმები გადაწყვეტენ. რაც შეეხება თავდებს, რისი თავი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ თავდებში ჩაუდგეს ვინმეს? ის, რის თავდებშიც დგება „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე არსებობს, როგორც სტატუს-კვო. შესაბამისად, ნუ შეწუხდებიან, არ არის საჭირო დამატებით თავდებობა – სააკაშვილი უკვე საქართველოშია, მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და მისი, როგორც პატიმრის უფლებები, იქნება დაცული. ამას არაფერი განსაკუთრებული თავდებობა, მით უმეტეს, ადამიანის უფლებების დამრღვევი პარტიის მხრიდან არ სჭირდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.