არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ჯანმრთელობის საკითხები მათი საქმეა, ჩვენ მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისთვის
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებსა და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია. ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს მივანდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს: „ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საქართველოს ასოცირების ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიშს და მასში შესულ შესწორებებს. როგორც ცნობილი გახდა, შესწორებების ახალი ნაწილი დაეთმობა სააკაშვილს. შესწორებების ავტორია სვენ მიქსერი. ამ შემთხვევაშიც მოწოდებაა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იყოს სხვა ქვეყნის კლინიკაში. როგორ პასუხობს „ქართული ოცნება“ პარტნიორებს?“
არჩილ თალაკვაძის თქმით, ჯანმრთელობის საკითხები სამედიცინო დარგის პროფესიონალების საქმეა, პოლიტიკოსები კი მზად არიან, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრონ.
„ძალიან კონკრეტული პასუხი მექნება – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და მიაწოდონ სამედიცინო მომსახურება ისე, რომ პაციენტმა მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი მიიღოს. ამიტომ ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს მივანდოთ. ჯანმრთელობის საკითხები სწორედ მათი საქმეა, ჩვენ კი მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან თანამშრომლობისთვის, ვის ინტერესებშიც რეალურად შედის, რომ საქართველო დაუახლოვდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე მსჯელობისა და პასუხისთვის მზად ვართ. კარგად გვესმის, რომ წარმოვადგენთ საქართველოს. ჩვენი ამოსავალი ყოველთვის იქნება მოქალაქეების ინტერესები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია, როგორც პრიორიტეტი, უმაღლეს რანგში აიყვანა და ეს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.