არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობა, არამედ სხვა რამ აინტერესებს, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური მოტივაცია და კანონის გვერდის ავლით მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი
არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად. შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში გახლავთ უსაფუძვლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები როგორმე გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, ისევ იმისთვის, რომ დაძაბონ საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
„რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა, მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია, რაც ადასტურებს იმას, რომ, სინამდვილეში, ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობა, არამედ სხვა რამ აინტერესებს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი კანონის გვერდის ავლით“, – განაცხადა თალაკვაძემ.